Monday, March 14, 2016

13 ნომინაცია ოსკარზე და არც ერთი გამარჯვება


ალბათ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც ფიქრობს რომ ლეოს დიდი ხანი მოუხდა ოსკარისთვის ცდა, თუმცა უარესებიც ხდება.
კინოოპერატორი როჯერ დიკინსი - ნამდვილი გენიოსია კამერის მიღმა, ისეთ ფილმებში როგორიცაა „მოხუცების ადგილი აქ არაა“, „შოუშენკის ციხე“ და „კუნდუმი“, მას უკვე მეცამეტე ნომინაცია ჰქონდა წლევანდელ ოსკარზე, ფილმით „სიკარიო“, თუმცა კვლავ უშედეგოდ.  2008 წელს ის ორი ფილმითაც კი იყო ნომინირებული, თუმცა რობერტ ელსვიტმა გაიმარჯვა ფილმით „და იქნება სისხლი“.
თუმცა არც დიკინსი ჩანს, რომ ძალიან ნაწყენი იყოს.
როგორ შეიძლება ფილმების შეფასება, როცა ისინი ასეთი განსხვავებულია, როგორ განვსაზღვრავთ რომელია უკეთესი? ამას ჩემთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა“ - აღნიშნავს ბრიტანელი წარმოშობის კინოოპერატორი. ქვემოთ გთავაზობთ მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს.
მინდა გკითხოთ, კინო ფირიდან ციფრულზე გადასვლამ რამდენად შეცვალა თქვენი სამუშაო პროცესი ამ წლების განმავლობაში?
კამერის ზომა თანდათანობით მცირდებოდა, ახლა კი ციფრული ტექნოლოგიის დახმარებით უფრო პატარა გახდა, ამას წინათ ჩივოს (Emmanuel Lubezki) ვეხუმრებოდი, რომ კამერები პატარავდება, ჩვენ კი ვბერდებით. თუმცა შეგვიძლია ვიმუშავოთ, სანამ კამერის ხელში დაჭერა შეგვეძლება. 
ეს დიდი ცვლილება იყო ჩემთვის, საერთოდ ციფრულმა ტექნოლოგიამ გარდატეხა მოახდინა და ცხადია, რასაც ახლა ეკრანზე უყურებთ ყველაფერი კამერის გადაღებული არ არის, არ არის ცოცხალი ქმედება, ბევრი ციფრული მანიპულაცია ხდება, ზოგჯერ კი მთლიანად ციფრული ტექნოლოგიით იქმნება სცენები. ხშირად გულიც კი მიტყდება ხოლმე, როცა ჩემი ნამუშევარი ციფრულ მანიპულაციებში ერევათ. ეს გასაკვირიც არ არის, რეალურსა და ხელოვნურს შორის ზღვარი ძალიან შემცირდა ბოლო ათი წლის მანძილზე.

მართალია. განცვიფრებული დავრჩი, როცა უამრავ ადამიანს „გადარჩენილში“ გამოჩენილი დათვი რეალური ეგონა.
გასაოცარია, რომ მსგავსი სცენის გადაღება შესაძლებელია, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რეალურ დათვთან ერთად არ გამოვიდოდა, „სიკარიოს“ გადაღებებისას ჩვენც ხელოვნურად შევქმენით სამხედრო ბაზა და ყველა ვეტმფრენი, კომპიუტერული გრაფიკით იყო მიღებული.  ამას ადვილად ვერ მიხვდებით, რადგან რეალურად შეგვეძლო ბაზის გადაღება, მათ დათვალიერების ნება ნამდვილად დაგვრთეს, თუმცა სროლის უფლებას არავინ მოგვცემდა. საოცარია, რომ ასეთი ლანდშაპტის შექმნაა შესაძლებელი, დაბალი ბიუჯეტითაც კი.

ხომ ვერ გაიხსენებდით ბოლოდროინდელ მაგალითს, როდესაც თქვენი ნამუშევარი კომპიუტერულ გრაფიკაში აერიათ?
„სიკარიო“-ში არის მომენტი, როდესაც ცის ფონზე სილუეტად ჩნდება კადრები, თითქოს ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს კომპიუტერული გრაფიკით მივიღეთ, გარდა ამისა ცის კადრები საცურავიდან, ხალხი ფიქრობს, რომ ასე ცის გამოსახვა მხოლოდ გრაფიკითაა შესაძლებელი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სულაც არ ვაპირებ იმ ფილმების დასახელებას, სადაც ცის ბექგრაუნდი ციფრულად არის მიღებული, თუ აუდიტორია ვერ ხვდება ამას, ანუ მნიშვნელობაც არ ჰქონია, ყველაზე მთავარი საბოლოო პროდუქტის სახით მიღებული კადრია და არა მისი გადაღების ტექნიკა.  
13-ჯერ იყავით ნომინირებული ოსკარზე, თითოეულ ჯერზე დაესწარით დაჯილდოების ცერემონიას?
დიახ, ალბათ თქვენთვის ეს ცნობილია.
ამ წელსაც აპირებთ?
დიახ.
თქვენთვის იმედის გაცრუებაა, რომ ეს ამდენჯერ უშედეგოდ განმეორდა? თუ   აღტაცებას იწვევს ხელახალი წარდგინება?
კითხვის დასმისას, ორი ისეთი სიტყვა გამოიყენეთ, რომელიც სრულად არ მახასიათებს. პირველ რიგში, აღტაცებული არ ვარ და იმედის გაცრუებაც არ მჩვევია მსგავსი თემებით. ოპერატორი იმიტომ ვარ, რომ მიყვარს კინოს გადაღება, ოსკარების ცერემონია უბრალოდ სადღესასწაულო ღონისძიებაა და ჩემთვის ნამდვილად არ აქვს დიდი მნიშვნელობა.
როგორ შეიძლება განსაჯო ადამიანთა შრომა, ფილმები, რომლებიც წარმოუდგენლად განსხვავდება ერთმანეთისაგან? ვერასდროს ვხდებოდი ამას, გარდა ამისა ფილმის რეჟისორებისა და ოპერატორების ნამუშევრები, რომლებიც მუდმივად მაოცებდა, არასოდეს არ ყოფილა ნომინირებული ოსკარზე და ეს რამეს ცვლის? 
რადგანაც ახსენეთ კინომატოგრაფები, რომლებიც ყურადღების მიღმა დარჩა, კინო აკადემიას წელსაც ხომ არ გამორჩა ვინმე?
იყო ასეთი ფილმი, „გველთან ჩახუტება“ (“Embrace of the Serpent”), ნომინირებული საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში, რომლის კინომატოგრაფია გამორჩეულია, ასევე აღსანიშნავია ფილმი „საულის ვაჟიშვილი“(“Son of Saul.”).  გარდა ამისა, დიდი რუსი კინომატოგრაფის, ვადიმ იუსოვის ნამუშევრები („სოლარისი,“ „ანდრეს ბავშვობა“)- ის არასოდეს ყოფილა ნომინირებული ოსკარზე!  არც კაზუი მიიგავა ავტორი ფილმისა „რაშომონი“ და „იოჯიმბო“, სწორედ ის იყო კუროსავას ფილმების ოპერატორი.
როგორც ჩანს, თქვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიმარჯვებთ თუ არა?
მშვენიერია, ამას არ ვუარყოფ, თუმცა ზედმეტად დიდი მნიშნელობის მინიჭება არა შეიძლება ამისათვის.
ყოველი შემთხვევისთვის, სიტყვა გამზადებული გაქვთ ხოლმე?
არა, ერთხელ დავწერე, როცა პირველად ვიყავი ნომინირებული, მერე აღარ მიცდია.


წყარო-http://wapo.st/1OEoVid

0 comments:

Post a Comment