Tuesday, March 29, 2016

რას იტყვით თაფლობის თვეზე დრონთან ერთად?


რიჩარდ პატერსონი უამრავი დოკუმენტური ფილმის მთავარი ოპერატორია, ის მუშაობდა HBO-ს, Travel Channel-ისა და PBS-ს დოკუმენტურ პროექტებზე. მისმა ნამუშევრებმა მრავალ წარმატებას მიაღწია, მათ შორისაა ემის ჯილდო, სანდენსის ფესტივალზე ნომინაცია და ა.შ. სწორედ რიჩარდი გვიყვება  საკუთარი თაფლობისთვის შესახებ, რომლის დროსაც წყვილს კომპანიონობას დრონი უწევდათ.

ჩვენი თვითმფრინავი ქვინსთაუნში, ახალ ზელანდიაში დაეშვა, სწორედ ამ დროს მივხვდით მე და ჩემი ცოლი, რომ ჩვენი თაფლობისთვე დაიწყო. შემდეგ საპასპორტო კონტროლი და დრონის შემოწმება. დიახ, სწორედ დრონით გადავწყვიტე ჩვენი თაფლობისთვის აღბეჭდვა, რადგან სელფის ჯოხი მხოლოდ მოყვარულებისთვისაა.

ჩემს უპილოტო საფრენ აპარატთან ერთად მოგზაურობა რომ გამარტივებულიყო, წინასწარ მცირეოდენი კვლევა ჩავატარე და რამდენიმე წესიც შევიმუშავე, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ:


1. გახდით უფრო მობილური
მთლიანი აღჭურვილობა თან არ წამიღია, ბოლოსდაბოლოს ტურისტი ვიყავი და სამუშაოდ არ მივდიოდი, მართალია, ეს ნაკლებად პროფესონალურ კადრებს მომცემდა, თუმცა უფრო მეტად შევძლებდი სიამოვნების მიღებას.
არც მყარი ქეისით მინდოდა დამძიმება, ჩანთა შევიძინე დანაყოფებით, სადაც თავისუფლად მოვათავსე დრონი და კამერა, თან 13 კგ-საც არ ავცდი.
2. მოერგეთ საერთაშორისო წესებს
ჩემს ავიახაზებთან წინასწარ გავარკვიე, რამე შეზღუდვა ხომ არ ჰქონდათ ლითიუმის  Li-Po ელემენტებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი ფანტომისთვის მჭირდება. ჩემი კვლევის მიხედვით, შემეძლო შეუზღუდავი რაოდენობის ელემენტი წამეღო, ოღონდ თუ არ აღემატებოდა 100 ვატს საათში, ფანტომის ბატარეა კი, მხოლოდ  68 ვატი  საათშია
შემდეგ ადგილობრივი კანონმდებლობის კვლევა დავიწყე უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით. ახალ ზელანდიაში ნამდვილად გამიმართლა, მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა დამხვდა DJI-ს ფრენაზე, საფრენი აპარატი 120 მეტრზე მაღლა არ უნდა ასულიყო, კერძო მესაკუთრეებისაგან ნებართვა წინასწარ უნდა ამეღო და მხედველობის არეში უნდა მომხდარიყო გადაღება.


3. ნებართვის თხოვნა, მობოდიშებას ჯობია
ჩემს კარიერაში უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა მობოდიშება მომიწია, მაშინ როცა უხერხული სიტუაცისათვის მარტივად შემეძლო  დამეღწია თავი და ადრევე მეთხოვა ნებართვა. ჩემი თავის წარდგენითა და ნებართვის თხოვნით, ისეთი შესაძლებლობები მომეცა, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი.
რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამიმართლა, მე ხომ ახალ ზელანდიაში ვიყავი, ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ადგილას დედამიწაზე, არაჩვეულებრივი მაცხოვრებლებით. ისინი სიამოვნებით მთანხმდებოდნენ გადაღებაზე, ნავის კაპიტნები, რომ მათი გემბანიდან გამეშვა დრონი,  აპარატის უსაფრთხო დაჯდომისათვის ანელებდნენ სვლას,   მიწის მესაკუთრეები, რომლებიც სიხარულით მათვალიერებიებდნენ საკუთარ ნაკვეთებს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მე ვითხოვე.  
4. ფრენის წინ კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ და დააკალიბრეთ საფრენი აპარატი 
ყოველთვის გამოიყენეთ დააფდეითებული ვერსია და შეამოწმეთ უსაფრთხოების ნორმები. ერთხელ DJI-ს აპლიკაციასთან პრობლემა მქონდა, რადგან ჩემს აიფონზე  iOS-ის უკანასკნელი ვერსია დავაყენე, ხოლო  DJI-ს  ძველ ვერსიას ვიყენებდი, რომლებიც ერთმანეთს სულაც ვერ ეწყობოდნენ. დიდი პრობლემა თითქოს არაა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
ერთმა ჩემმა მეგობარმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, მაშინ როცა ბრაზილიაში თამბაქოს პლანტაციის გადაღება გადაწყვიტა და GPS-ის კალიბრაცია დაავიწყდა სამხრეთ ნახევარსფეროს შესაბამისად. შემდეგ კი, როცა   „სახლში დაბრუნების“  ბრძანება მისცა აპარატს, ის ძალიან ძალიან შორს გაფრინდა. ახლა შეიძლება ვინმე ამაზონში, ამ ციდან უეცრად გაჩენილ ობიექტს ეთაყვანება.

წყარო: http://bit.ly/1oli87u

Monday, March 21, 2016

პასუხები დამწყები ოპერატორებისთვის ყველაზე საინტერესო კითხვებზე



ჩვენ გავაერთიანეთ კითხვები, რომლებსაც დამწყები ოპერატორები ყველაზე ხშირად სვამენ და შევეცადეთ მათზე პასუხები გვეპოვა.  


1) რა უფრო მნიშნელოვანია შემოქმედებითობა თუ ტექნიკური ცოდნა?

 ზოგადად, პროდუსერები და რეჟისორები ამ ორი თვისების ბალანსს ეძებენ.  დიდი პროექტის დროს, ალბათ ასისტენტიც გეყოლებათ, რომელიც სრულად აგებს პასუხს კამერის ტექნიკურ გამართვაზე. თუმცა, პატარა პროექტების დროს აუცილებლად დაგჭირდება ტექნიკური ცოდნა, გარდა ამისა ეს სამსახურის მოპოვებისას თქვენი დიდი უპირატესობა იქნება. ასევე, ხშირად გადაღება ტექნიკური სერვისისგან მოშორებით ხდება და თქვენი სულ მცირე დახმარება, რომელიც გადაღების ჩაშლისაგან იხსნის ჯგუფს, ნამდვილ გმირად გაქცევთ.



2) რა არის ყველაზე რთული ოპერატორად მუშაობისას? 

ოპერატორს თითქმის არასდროს აქვს სტაბილური სამსახური, ხშირად შტატგარეშე გიწევს მუშაობა. ზოგჯერ სამუშაოს შემოთავაზები არ გაქვს, ზოგჯერ კი რამდენიმე წინადადებას ერთად მიიღებ და მათ შორის არჩევანის გაკეთება გაგიძნელდება. მართლაც არაა მარტივი ამ შემოთავაზებებს შორის აარჩიო ისეთი, რომელიც თქვენს კარიერასაც გამოადგება და იმის გარანტიაც გექნება, რომ პროექტი რეალურად განხორციელდება. ასევე გაითვალისწინე, ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, რომ პროდუსერები და რეჟისორები, თავისი დაკავებული გრაფიკებით, არ გაანაწყენო.  

3) რა დროა საჭირო გადაღებისათვის მოსამზადებლად?

 სამსახურის ხასიათის მიხედვით, იცვლება მოსამზადებელი დროც. ისეც ხდება, რომ გადაღების წინა საღამოს გირეკავენ და წარმოდგენაც არ გაქვს, რა უნდა გადაიღო და როგორ. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა რეჟისორმა რაიმე იდეა შემოგთავაზოს, საწყისი საუბრები შესაძლოა მოიცავდეს ბიუჟეტს, აპარატურას, ლოჯისტიკას, გადაღების გრაფიკის გაწერას - ეს ყველაფერი შესაძლოა თვეების მანძილზე გაგრძელდეს და ერთ დღესაც, დიდი ხნის შემდეგ შეიძლება გადაღებებიც დაიწყოს.
ალბათ იფიქრებთ, რომ  ბევრი მოსამზადებელი სამუშაოს მიუხედავად, პროექტი შესაძლოა საერთოდ არ განხორციელდეს და ამდენი რესურსი ტყუილად უნდა დაიკარგოს, ეს რა თქმა უნდა სავსებით შესაძლებელია, თუმცა რეჟისორებს ამ ტიპის დახმარება ხშირად სჭირდებათ და პროდუსერთან ერთადაც შეიძლება გაარკვიონ, თუმცა რადგან თქვენ გთხოვეს დახმარება, ე.ი ენდობიან თქვენს პროფესიულ გამოცდილებას და უკვე გარკვეული ავტორიტეტითაც სარგებლობთ  სფეროში. თქვენი გადაღების გამოცდილება უნიკალურია და თეორიულად მისი შესწავლა თითქმის გამორიცხულია, სწორედ ამიტომ ეს გამოცდილება გადაღების დაგეგმვის საწყის ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. 




4) რამდენად მნიშნელოვანია აკადემიური განათლება ოპერატორისათვის?  

ოპერატორად მუშაობისას უფრო მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება, ვიდრე აკადემიური მიღწევები. თუმცა სფეროში მუშაობის დაწყებისას განათლება შეიძლება თქვენი უპირატესობა გახდეს, განსაკუთრებით გამოსადეგია უცხო ენების ფლობა, თუ გადაღება მაჩუ პიქჩუს შესახებაა, რა თქმა უნდა ისტორიის სპეციალისტობა და ესპანურის ცოდნა თქვენი პლუსი იქნება.

ასევე უნივერსიტეტში სწავლისას დამყარებული კონტაქტები შესაძლოა მომავალში სასარგებლოდ გამოიყენოთ.  ეს უსამართლოდაც შეიძლება გეჩვენოთ, თუმცა ამ სფეროში ყველაფერი ნდობაზეა დაფუძნებული, დამქირავებელი გიხდის  უნარებისათვის, რომლის ზუსტი ღირებულება მისთვის უცნობია. ადამიანები ენდობიან ნაცნობებს, ძველ კოლეგებს და მათ რჩევას უფრო მეტად ითვალისწინებენ კადრების შერჩევისას.  

წყარო : http://www.danielhaggett.com/blog/240-what-s-it-like-working-as-a-cameraman

Wednesday, March 16, 2016

როგორ დავსაქმდეთ ტელევიზიაში ოპერატორად



სამსახურის დაწყება ტელე ინდუსტრიაში ნამდვილად არ არის მარტივი და დიდ დროსაც მოითხოვს,  ამიტომ სანამ რეზიუმეების გაგზავნას დაიწყებ საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ჰკითხე: „ნამდვილად მიღირს ტელევიზიაში მუშაობა ამ ყველაფრის ფასად? “ შეგვიძლია რამდენიმე მახასიათებელიც გამოვყოთ: 

1) რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ტელევიზიაში მუშაობა გლამურულია, იმედი უნდა გაგიცრუოთ, ეს ასე არ არის.

2) თუ რომელიმე ცნობილი ტელევიზია ოპერატორის ასისტენტის  ვაკანსიას გამოაცხადებს კვირის ბოლომდე ასობით რეზიუმე მიუვა. 

3) ტელევიზიაში დასაქმებულებს ხშირად უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, ანაზღაურების გარეშე. 

4) ტელევიზიაში მუშაობა არ არის სტაბილური, ზოგჯერ ძალიან დატვირთული ხარ, ზოგჯერ კი საერთოდ არ გაქვს საქმე.

თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ აზრი არ შეიცვალეთ, მაშინ რამდენიმე ხერხს გაგიზიარებთ, რომლებიც ტელევიზიაში დასაქმების შანსებს გაგიზრდით.

ნუ შეუშინდებით რაოდენობას -  სამსახურის ძიებისას, თითოეულ გამოცხადებულ ვაკანსიას ხშირად 200-ზე მეტი პრეტედენტი ჰყავს. ალბათ არ ფიქრობთ, რომ დამსაქმებელი თითოეული მათგანის რეზიუმეს გულდასმით წაიკითხავს, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ პირველად შემოსულ რეზიუმეებს უბრალოდ გადახედავს და რამდენიმეს შეარჩევს.  ეს მოცემული მდგომარეობაა და უნდა შეეგუოთ, ნებისმიერი კარგი სამსახურის მოპოვება რთულია. რა თქმა უნდა, თუ ნასაში მიხვალთ და სამსახურს მოითხოვთ, თითქმის გამორიცხულია,  რომ პირველივე ჯერზე აგიყვანონ, თუმცა ბევრი მიზანდასახული ადამიანი ახერხებს იქ მუშაობის დაწყებას, რაც დამეთანხმებით ტელევიზიაში მოხვედრაზე ბევრად რთული ამოცანაა. 
ამას წინათ, ერთ-ერთი ილუზიონისტის, დერენ ბრაუნის „ფოკუსი“ აჩვენეს, სადაც მონეტას ათჯერ აგდებს ჰაერში და ათჯერვე ერთი და იმავე მხარეს ეცემა, როგორ შეძლო ამის გაკეთება? იქნებ ისე დაამონტაჟა, რომ ჩვენ ვერ მივხვდით? ან მონეტა იყო ყალბი? არა, მან უბრალოდ ძალიან ბევრჯერ ააგდო მონეტა ჰაერში, ალბათ წარმოუდგენლად დიდი დროც დახარჯა და ის შედეგიც მიიღო, რომელიც მას სურდა.  იმის შანსი, რომ ათჯერ მიყოლებით ერთ მხარეს დავარდება მონეტა ძალიან მცირეა  (უფრო ზუსტად 1/1024), მაგრამ თუ არ გაჩერდები, ამ სტატისტიკის დამარცხებაც შესაძლებელია.

დასვი შეკითხვა სწორად, არამარტო რა შეუძლია კომპანიას გააკეთოს ჩემთვის, არამედ მე რა შემიძლია გავუკეთო დამსაქმებელ კომპანიას. შეიძლება ცოტა უხეშადაც  ჟღერდეს ეს კითხვა, მაგრამ პროდაქშენ კომპანიების მფლობელებს სულაც არ აინტერესებთ შენი ბოლო ფილმი, რომელიც მეგობრებთან ერთად გადაიღე. შენი კარიერის დასაწყისში, კომპანიები ფიქრობენ თუ რით დაეხმარები მათ პროდაქშენს რა სამსახურს გაუწევ მათ, და არა პირიქით. თუმცა მოგვიანებით, შეიძლება ისინი კმაყოფილებიც კი დარჩნენ თუ რამით დახმარებას გაგიწევენ, მაგრამ კარიერის დასაწყისში ეს ნაკლებად სავარაუდოა.

მაქსიმალურად გამოიყენე უნარები.  თითქმის ყველას, ვინც ოპერატორის ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად რეზიუმეს აგზავნის, აქვს მიღებული განათლება, მზად არის მძიმე სამუშაოსთვის და ალბათ კარგი CV-ც აქვს, რითი გამოირჩევი მათგან? 
კარგად დაფიქრდი რა უნარები გაქვს, რომლებიც სხვებისგან გამოგარჩევს და რომელთა გამოყენებას სატელევიზიო სფეროში შეძლებ. მაგალითად, თუ ისტორიის სპეციალისტი ხარ ისტორიულ ჟანრის გადაცემისათვის გააკეთე განაცხადი, ასეთი ტიპის გადაემებს ყოველთვის ბუნებით მკვლევარი ადამიანები სჭირდებათ, თუ ბევრ ენაზე საუბრობ, შეიძლება,თარჯიმნის ფუნქციებიც შეითვისო, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა.   ასევე თუ სპორტში ერკვევი, პოლიტიკით ხარ დაინტერესებული, მოდით, სპორტით, მებაღეობით თუ არქიტექტურით, შესაბამის სფეროებში ეძებე სამსახური-შესაძლოა შენი უნარი, კომპანიისათვის დიდი სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს.  ასეთ სამსახურში შესაძლოა სამუდამოდ არ დარჩე, თუმცა პირველი ნაბიჯისათვის არ იქნება ცუდი. 


გამოიჩინე სიმტკიცე. სამსახურის ძიების პირველ ეტაპზე, შესაძლოა ასობით რეზიუმეს გაგზავნა მოგიწიოს, ხშირად უშედეგოდ, თუმცა პროცესი არ უნდა შეწყვიტო.  შეიძლება, პირადად მიხვიდე, მოაჩვენო რომ გასაუბრება გაქვს დანიშნული, შეხვდე და შთაბეჭდილება მოახდინო.  
ახლა ერთ მაგალითს, მოგიყვანთ, თუ როგორ შეიძლება გამოიჩინო სიმტკიცე და ამასთანავე მაქსიმალურად გამოიყენო შენი უნიკალური უნარი. ერთ-ერთ კურსდამთავრებულს, ჟურნალისტის კარიერის დაწყება სურდა, მან გაარკვია რომ BBC-ი სიუჟეტს ამზადებდა   იემენზე, საიდანაც ის წარმოშობით იყო. მოხერხებულმა გოგონამ მალე გააცნობიერა, რომ სატელევიზიო ჯგუფს კვება დაჭირდებოდა, ამიტომაც იემენის ყველა რესტორანში დარეკა და გაარკვია, თუ რომელ მათგანში იყვნენ. მაშინვე მათთან მიიჭრა და დახმარება შესთავაზა, უთხრა რომ კარგად იცნობდა რეგიონს, იცოდა ენა და თან ამ ყველაფერს უფასოდ გააკეთებდა, სიუჟეტის ბოლოს მას უკვე ჰქონდა BBC-ისთან საქმიანი კონტრაქტი.

გამოიყენე სანაცნობო წრე.  არის ასეთი გამონათქვამი „მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა იცი, არამედ ვის იცნობ“, რომელიც სავსებით ამართლებს სატელევიზიო სფეროში. თუ ვინმეს იცნობ სატელევიზიო ინდუსტრიაში, ხშირად ეკონტაქტე, მათ შეიძლება სამსახურში ვერ მოგაწყონ, თუმცა ყოველთვის პირველს გეცოდინება, როდის სჭირდება კომპანიას ახალი კადრი.  

პრაქტიკული საკითხები.   პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს, იმ კომპანიების, ტელევიზიების, სტუდიების სიის ჩამოწერა, სადაც მუშაობის დაწყება გინდა. მერე მათთან კონტაქტს შეეცადე, ზოგიერთი მათგანი CV-ს ელექტრონულად იღებს, ზოგი ბაზაში ატვირთვას ითხოვს, ზოგი კი ადამიანური რესურსების შერჩევისათის შუამავალ ფირმებს იყენებს ყველას მიაწვდინე რეზიუმე, გარდა ამისა, თვალყური ადევნე ფეისბუქ ჯგუფებში ახალ პოსტებს.   
ტელე ინდუსტრიაში ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტისათვის ორი მთავარი საშუალება არსებობს: 

1) მასობრივი დაბომბვაყველა კომპანიის ძირითად მეილზე (info@ jobs @...) გააგზავნე შენი რეზიუმე, რა თქმა უნდა დიდი შანსია, რომ მათ საერთოდ არ წაიკითხონ ან სპამ ფოლდერში აღმოჩნდეს, თუმცა ყოველთვის არის შანსი, რომ თქვენი მეილი სწორ დროს, სწორ ადამიანთან აღმოჩნდება.

2) მიზანმიმართული სროლები.  მეორე საშუალება უფრო მეტ დროს მოითხოვს, თუმცა უფრო შედეგიანიცაა. იპოვე იმ ადამიანის კონტაქტები, რომელიც შენთვის სასურველ კომპანიაში მუშაობს.  კომპანიის ზოგად მეილებზე გაგზავნილ რეზიუმეს, სავარაუდოდ ადმინისტრაციის თანამშრომელი წაიკითხავს, რომელსაც არ აქვს უფლებამოსილება აგიყვანოს სამსახურში.  შენ ისეთი პირების საკონტაქტო ინფორმაცია გჭირდება, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება.
არავის არ მოსწონს განუსაზღვრელი რაოდენობის რეზიუმეს გაგზავნა, საიტზე მონაცემების შეყვანაც მოსაწყენია, ერთგვაროვანმა საქმემ  შეიძლება მოტივაცია დაგიქვეითოს, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში.  ამის თავიდან ასაცილებლად, შეიძლება პატარ-პატარა მიზნები დაისახოთ, ვთქვათ, ოცი  მასობრივი დაბომბვის მეილი და ორი მიზნობრივი მეილი ერთი დღის განმავლობაში.

იყავი მაქსიმალურად ჩართული:  რაც შეიძლება მეტად ჩაერთე, დაამყარე კავშირი ტელე ინდუსტრიასთან: ტვიტერით, ინსტაგრამით ფეისბუქით, იკითხე ბლოგები, გააკეთე კომენტარები. კომპანიები ხშირად ამ სტრატეგიებით სარგებლობენ პროდუქციისა და სერვისის გაყიდვისას, თუმცა ადამიანებზეც შესანიშნავად მოქმედებს.
ტელე და კინო ინდუსტრია თითქოს ძალიან ჩაკეტილია, თუმცა ძალიან ბევრის მომცველია და ყოველთვის სჭირდება ახალი ადამიანები, ახალი ტალანტები, გარდა ამისა თუ ამ სფეროში მუშაობა ნამდვილად მოგეწონება, ეს პროცესი შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს.


Monday, March 14, 2016

13 ნომინაცია ოსკარზე და არც ერთი გამარჯვება


ალბათ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც ფიქრობს რომ ლეოს დიდი ხანი მოუხდა ოსკარისთვის ცდა, თუმცა უარესებიც ხდება.
კინოოპერატორი როჯერ დიკინსი - ნამდვილი გენიოსია კამერის მიღმა, ისეთ ფილმებში როგორიცაა „მოხუცების ადგილი აქ არაა“, „შოუშენკის ციხე“ და „კუნდუმი“, მას უკვე მეცამეტე ნომინაცია ჰქონდა წლევანდელ ოსკარზე, ფილმით „სიკარიო“, თუმცა კვლავ უშედეგოდ.  2008 წელს ის ორი ფილმითაც კი იყო ნომინირებული, თუმცა რობერტ ელსვიტმა გაიმარჯვა ფილმით „და იქნება სისხლი“.
თუმცა არც დიკინსი ჩანს, რომ ძალიან ნაწყენი იყოს.
როგორ შეიძლება ფილმების შეფასება, როცა ისინი ასეთი განსხვავებულია, როგორ განვსაზღვრავთ რომელია უკეთესი? ამას ჩემთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა“ - აღნიშნავს ბრიტანელი წარმოშობის კინოოპერატორი. ქვემოთ გთავაზობთ მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს.
მინდა გკითხოთ, კინო ფირიდან ციფრულზე გადასვლამ რამდენად შეცვალა თქვენი სამუშაო პროცესი ამ წლების განმავლობაში?
კამერის ზომა თანდათანობით მცირდებოდა, ახლა კი ციფრული ტექნოლოგიის დახმარებით უფრო პატარა გახდა, ამას წინათ ჩივოს (Emmanuel Lubezki) ვეხუმრებოდი, რომ კამერები პატარავდება, ჩვენ კი ვბერდებით. თუმცა შეგვიძლია ვიმუშავოთ, სანამ კამერის ხელში დაჭერა შეგვეძლება. 
ეს დიდი ცვლილება იყო ჩემთვის, საერთოდ ციფრულმა ტექნოლოგიამ გარდატეხა მოახდინა და ცხადია, რასაც ახლა ეკრანზე უყურებთ ყველაფერი კამერის გადაღებული არ არის, არ არის ცოცხალი ქმედება, ბევრი ციფრული მანიპულაცია ხდება, ზოგჯერ კი მთლიანად ციფრული ტექნოლოგიით იქმნება სცენები. ხშირად გულიც კი მიტყდება ხოლმე, როცა ჩემი ნამუშევარი ციფრულ მანიპულაციებში ერევათ. ეს გასაკვირიც არ არის, რეალურსა და ხელოვნურს შორის ზღვარი ძალიან შემცირდა ბოლო ათი წლის მანძილზე.

მართალია. განცვიფრებული დავრჩი, როცა უამრავ ადამიანს „გადარჩენილში“ გამოჩენილი დათვი რეალური ეგონა.
გასაოცარია, რომ მსგავსი სცენის გადაღება შესაძლებელია, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რეალურ დათვთან ერთად არ გამოვიდოდა, „სიკარიოს“ გადაღებებისას ჩვენც ხელოვნურად შევქმენით სამხედრო ბაზა და ყველა ვეტმფრენი, კომპიუტერული გრაფიკით იყო მიღებული.  ამას ადვილად ვერ მიხვდებით, რადგან რეალურად შეგვეძლო ბაზის გადაღება, მათ დათვალიერების ნება ნამდვილად დაგვრთეს, თუმცა სროლის უფლებას არავინ მოგვცემდა. საოცარია, რომ ასეთი ლანდშაპტის შექმნაა შესაძლებელი, დაბალი ბიუჯეტითაც კი.

ხომ ვერ გაიხსენებდით ბოლოდროინდელ მაგალითს, როდესაც თქვენი ნამუშევარი კომპიუტერულ გრაფიკაში აერიათ?
„სიკარიო“-ში არის მომენტი, როდესაც ცის ფონზე სილუეტად ჩნდება კადრები, თითქოს ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს კომპიუტერული გრაფიკით მივიღეთ, გარდა ამისა ცის კადრები საცურავიდან, ხალხი ფიქრობს, რომ ასე ცის გამოსახვა მხოლოდ გრაფიკითაა შესაძლებელი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სულაც არ ვაპირებ იმ ფილმების დასახელებას, სადაც ცის ბექგრაუნდი ციფრულად არის მიღებული, თუ აუდიტორია ვერ ხვდება ამას, ანუ მნიშვნელობაც არ ჰქონია, ყველაზე მთავარი საბოლოო პროდუქტის სახით მიღებული კადრია და არა მისი გადაღების ტექნიკა.  
13-ჯერ იყავით ნომინირებული ოსკარზე, თითოეულ ჯერზე დაესწარით დაჯილდოების ცერემონიას?
დიახ, ალბათ თქვენთვის ეს ცნობილია.
ამ წელსაც აპირებთ?
დიახ.
თქვენთვის იმედის გაცრუებაა, რომ ეს ამდენჯერ უშედეგოდ განმეორდა? თუ   აღტაცებას იწვევს ხელახალი წარდგინება?
კითხვის დასმისას, ორი ისეთი სიტყვა გამოიყენეთ, რომელიც სრულად არ მახასიათებს. პირველ რიგში, აღტაცებული არ ვარ და იმედის გაცრუებაც არ მჩვევია მსგავსი თემებით. ოპერატორი იმიტომ ვარ, რომ მიყვარს კინოს გადაღება, ოსკარების ცერემონია უბრალოდ სადღესასწაულო ღონისძიებაა და ჩემთვის ნამდვილად არ აქვს დიდი მნიშვნელობა.
როგორ შეიძლება განსაჯო ადამიანთა შრომა, ფილმები, რომლებიც წარმოუდგენლად განსხვავდება ერთმანეთისაგან? ვერასდროს ვხდებოდი ამას, გარდა ამისა ფილმის რეჟისორებისა და ოპერატორების ნამუშევრები, რომლებიც მუდმივად მაოცებდა, არასოდეს არ ყოფილა ნომინირებული ოსკარზე და ეს რამეს ცვლის? 
რადგანაც ახსენეთ კინომატოგრაფები, რომლებიც ყურადღების მიღმა დარჩა, კინო აკადემიას წელსაც ხომ არ გამორჩა ვინმე?
იყო ასეთი ფილმი, „გველთან ჩახუტება“ (“Embrace of the Serpent”), ნომინირებული საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში, რომლის კინომატოგრაფია გამორჩეულია, ასევე აღსანიშნავია ფილმი „საულის ვაჟიშვილი“(“Son of Saul.”).  გარდა ამისა, დიდი რუსი კინომატოგრაფის, ვადიმ იუსოვის ნამუშევრები („სოლარისი,“ „ანდრეს ბავშვობა“)- ის არასოდეს ყოფილა ნომინირებული ოსკარზე!  არც კაზუი მიიგავა ავტორი ფილმისა „რაშომონი“ და „იოჯიმბო“, სწორედ ის იყო კუროსავას ფილმების ოპერატორი.
როგორც ჩანს, თქვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიმარჯვებთ თუ არა?
მშვენიერია, ამას არ ვუარყოფ, თუმცა ზედმეტად დიდი მნიშნელობის მინიჭება არა შეიძლება ამისათვის.
ყოველი შემთხვევისთვის, სიტყვა გამზადებული გაქვთ ხოლმე?
არა, ერთხელ დავწერე, როცა პირველად ვიყავი ნომინირებული, მერე აღარ მიცდია.


წყარო-http://wapo.st/1OEoVid