Wednesday, March 16, 2016

როგორ დავსაქმდეთ ტელევიზიაში ოპერატორად



სამსახურის დაწყება ტელე ინდუსტრიაში ნამდვილად არ არის მარტივი და დიდ დროსაც მოითხოვს,  ამიტომ სანამ რეზიუმეების გაგზავნას დაიწყებ საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ჰკითხე: „ნამდვილად მიღირს ტელევიზიაში მუშაობა ამ ყველაფრის ფასად? “ შეგვიძლია რამდენიმე მახასიათებელიც გამოვყოთ: 

1) რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ტელევიზიაში მუშაობა გლამურულია, იმედი უნდა გაგიცრუოთ, ეს ასე არ არის.

2) თუ რომელიმე ცნობილი ტელევიზია ოპერატორის ასისტენტის  ვაკანსიას გამოაცხადებს კვირის ბოლომდე ასობით რეზიუმე მიუვა. 

3) ტელევიზიაში დასაქმებულებს ხშირად უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, ანაზღაურების გარეშე. 

4) ტელევიზიაში მუშაობა არ არის სტაბილური, ზოგჯერ ძალიან დატვირთული ხარ, ზოგჯერ კი საერთოდ არ გაქვს საქმე.

თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ აზრი არ შეიცვალეთ, მაშინ რამდენიმე ხერხს გაგიზიარებთ, რომლებიც ტელევიზიაში დასაქმების შანსებს გაგიზრდით.

ნუ შეუშინდებით რაოდენობას -  სამსახურის ძიებისას, თითოეულ გამოცხადებულ ვაკანსიას ხშირად 200-ზე მეტი პრეტედენტი ჰყავს. ალბათ არ ფიქრობთ, რომ დამსაქმებელი თითოეული მათგანის რეზიუმეს გულდასმით წაიკითხავს, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ პირველად შემოსულ რეზიუმეებს უბრალოდ გადახედავს და რამდენიმეს შეარჩევს.  ეს მოცემული მდგომარეობაა და უნდა შეეგუოთ, ნებისმიერი კარგი სამსახურის მოპოვება რთულია. რა თქმა უნდა, თუ ნასაში მიხვალთ და სამსახურს მოითხოვთ, თითქმის გამორიცხულია,  რომ პირველივე ჯერზე აგიყვანონ, თუმცა ბევრი მიზანდასახული ადამიანი ახერხებს იქ მუშაობის დაწყებას, რაც დამეთანხმებით ტელევიზიაში მოხვედრაზე ბევრად რთული ამოცანაა. 
ამას წინათ, ერთ-ერთი ილუზიონისტის, დერენ ბრაუნის „ფოკუსი“ აჩვენეს, სადაც მონეტას ათჯერ აგდებს ჰაერში და ათჯერვე ერთი და იმავე მხარეს ეცემა, როგორ შეძლო ამის გაკეთება? იქნებ ისე დაამონტაჟა, რომ ჩვენ ვერ მივხვდით? ან მონეტა იყო ყალბი? არა, მან უბრალოდ ძალიან ბევრჯერ ააგდო მონეტა ჰაერში, ალბათ წარმოუდგენლად დიდი დროც დახარჯა და ის შედეგიც მიიღო, რომელიც მას სურდა.  იმის შანსი, რომ ათჯერ მიყოლებით ერთ მხარეს დავარდება მონეტა ძალიან მცირეა  (უფრო ზუსტად 1/1024), მაგრამ თუ არ გაჩერდები, ამ სტატისტიკის დამარცხებაც შესაძლებელია.

დასვი შეკითხვა სწორად, არამარტო რა შეუძლია კომპანიას გააკეთოს ჩემთვის, არამედ მე რა შემიძლია გავუკეთო დამსაქმებელ კომპანიას. შეიძლება ცოტა უხეშადაც  ჟღერდეს ეს კითხვა, მაგრამ პროდაქშენ კომპანიების მფლობელებს სულაც არ აინტერესებთ შენი ბოლო ფილმი, რომელიც მეგობრებთან ერთად გადაიღე. შენი კარიერის დასაწყისში, კომპანიები ფიქრობენ თუ რით დაეხმარები მათ პროდაქშენს რა სამსახურს გაუწევ მათ, და არა პირიქით. თუმცა მოგვიანებით, შეიძლება ისინი კმაყოფილებიც კი დარჩნენ თუ რამით დახმარებას გაგიწევენ, მაგრამ კარიერის დასაწყისში ეს ნაკლებად სავარაუდოა.

მაქსიმალურად გამოიყენე უნარები.  თითქმის ყველას, ვინც ოპერატორის ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად რეზიუმეს აგზავნის, აქვს მიღებული განათლება, მზად არის მძიმე სამუშაოსთვის და ალბათ კარგი CV-ც აქვს, რითი გამოირჩევი მათგან? 
კარგად დაფიქრდი რა უნარები გაქვს, რომლებიც სხვებისგან გამოგარჩევს და რომელთა გამოყენებას სატელევიზიო სფეროში შეძლებ. მაგალითად, თუ ისტორიის სპეციალისტი ხარ ისტორიულ ჟანრის გადაცემისათვის გააკეთე განაცხადი, ასეთი ტიპის გადაემებს ყოველთვის ბუნებით მკვლევარი ადამიანები სჭირდებათ, თუ ბევრ ენაზე საუბრობ, შეიძლება,თარჯიმნის ფუნქციებიც შეითვისო, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა.   ასევე თუ სპორტში ერკვევი, პოლიტიკით ხარ დაინტერესებული, მოდით, სპორტით, მებაღეობით თუ არქიტექტურით, შესაბამის სფეროებში ეძებე სამსახური-შესაძლოა შენი უნარი, კომპანიისათვის დიდი სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს.  ასეთ სამსახურში შესაძლოა სამუდამოდ არ დარჩე, თუმცა პირველი ნაბიჯისათვის არ იქნება ცუდი. 


გამოიჩინე სიმტკიცე. სამსახურის ძიების პირველ ეტაპზე, შესაძლოა ასობით რეზიუმეს გაგზავნა მოგიწიოს, ხშირად უშედეგოდ, თუმცა პროცესი არ უნდა შეწყვიტო.  შეიძლება, პირადად მიხვიდე, მოაჩვენო რომ გასაუბრება გაქვს დანიშნული, შეხვდე და შთაბეჭდილება მოახდინო.  
ახლა ერთ მაგალითს, მოგიყვანთ, თუ როგორ შეიძლება გამოიჩინო სიმტკიცე და ამასთანავე მაქსიმალურად გამოიყენო შენი უნიკალური უნარი. ერთ-ერთ კურსდამთავრებულს, ჟურნალისტის კარიერის დაწყება სურდა, მან გაარკვია რომ BBC-ი სიუჟეტს ამზადებდა   იემენზე, საიდანაც ის წარმოშობით იყო. მოხერხებულმა გოგონამ მალე გააცნობიერა, რომ სატელევიზიო ჯგუფს კვება დაჭირდებოდა, ამიტომაც იემენის ყველა რესტორანში დარეკა და გაარკვია, თუ რომელ მათგანში იყვნენ. მაშინვე მათთან მიიჭრა და დახმარება შესთავაზა, უთხრა რომ კარგად იცნობდა რეგიონს, იცოდა ენა და თან ამ ყველაფერს უფასოდ გააკეთებდა, სიუჟეტის ბოლოს მას უკვე ჰქონდა BBC-ისთან საქმიანი კონტრაქტი.

გამოიყენე სანაცნობო წრე.  არის ასეთი გამონათქვამი „მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რა იცი, არამედ ვის იცნობ“, რომელიც სავსებით ამართლებს სატელევიზიო სფეროში. თუ ვინმეს იცნობ სატელევიზიო ინდუსტრიაში, ხშირად ეკონტაქტე, მათ შეიძლება სამსახურში ვერ მოგაწყონ, თუმცა ყოველთვის პირველს გეცოდინება, როდის სჭირდება კომპანიას ახალი კადრი.  

პრაქტიკული საკითხები.   პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს, იმ კომპანიების, ტელევიზიების, სტუდიების სიის ჩამოწერა, სადაც მუშაობის დაწყება გინდა. მერე მათთან კონტაქტს შეეცადე, ზოგიერთი მათგანი CV-ს ელექტრონულად იღებს, ზოგი ბაზაში ატვირთვას ითხოვს, ზოგი კი ადამიანური რესურსების შერჩევისათის შუამავალ ფირმებს იყენებს ყველას მიაწვდინე რეზიუმე, გარდა ამისა, თვალყური ადევნე ფეისბუქ ჯგუფებში ახალ პოსტებს.   
ტელე ინდუსტრიაში ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტისათვის ორი მთავარი საშუალება არსებობს: 

1) მასობრივი დაბომბვაყველა კომპანიის ძირითად მეილზე (info@ jobs @...) გააგზავნე შენი რეზიუმე, რა თქმა უნდა დიდი შანსია, რომ მათ საერთოდ არ წაიკითხონ ან სპამ ფოლდერში აღმოჩნდეს, თუმცა ყოველთვის არის შანსი, რომ თქვენი მეილი სწორ დროს, სწორ ადამიანთან აღმოჩნდება.

2) მიზანმიმართული სროლები.  მეორე საშუალება უფრო მეტ დროს მოითხოვს, თუმცა უფრო შედეგიანიცაა. იპოვე იმ ადამიანის კონტაქტები, რომელიც შენთვის სასურველ კომპანიაში მუშაობს.  კომპანიის ზოგად მეილებზე გაგზავნილ რეზიუმეს, სავარაუდოდ ადმინისტრაციის თანამშრომელი წაიკითხავს, რომელსაც არ აქვს უფლებამოსილება აგიყვანოს სამსახურში.  შენ ისეთი პირების საკონტაქტო ინფორმაცია გჭირდება, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება.
არავის არ მოსწონს განუსაზღვრელი რაოდენობის რეზიუმეს გაგზავნა, საიტზე მონაცემების შეყვანაც მოსაწყენია, ერთგვაროვანმა საქმემ  შეიძლება მოტივაცია დაგიქვეითოს, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში.  ამის თავიდან ასაცილებლად, შეიძლება პატარ-პატარა მიზნები დაისახოთ, ვთქვათ, ოცი  მასობრივი დაბომბვის მეილი და ორი მიზნობრივი მეილი ერთი დღის განმავლობაში.

იყავი მაქსიმალურად ჩართული:  რაც შეიძლება მეტად ჩაერთე, დაამყარე კავშირი ტელე ინდუსტრიასთან: ტვიტერით, ინსტაგრამით ფეისბუქით, იკითხე ბლოგები, გააკეთე კომენტარები. კომპანიები ხშირად ამ სტრატეგიებით სარგებლობენ პროდუქციისა და სერვისის გაყიდვისას, თუმცა ადამიანებზეც შესანიშნავად მოქმედებს.
ტელე და კინო ინდუსტრია თითქოს ძალიან ჩაკეტილია, თუმცა ძალიან ბევრის მომცველია და ყოველთვის სჭირდება ახალი ადამიანები, ახალი ტალანტები, გარდა ამისა თუ ამ სფეროში მუშაობა ნამდვილად მოგეწონება, ეს პროცესი შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს.


0 comments:

Post a Comment