
კომპანიის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს იუჯინ მაკდონალდს მისი შექმნის იდეა 1950 წელს გაუჩნდა; იგი ფიქრობდა, რომ მაყურებელი დიდად დააფასებდა "მომაბეზრებელი რეკლამების გამორთვის” შესაძლებლობას, თუმცა, სამწუხაროდ, პირველი დისტანციური მართვის პულტი მთლად დისტანციური არ იყო, რადგან გრძელი სადენით იყო შეერთებული ტელევიზორთან. ეს კი არხების გადასართავად მაინცა და მაინც მოსახერხებელი არ გახლდათ, ზოგჯერ კი ხიფათსაც შეიცავდა - მაგალითად, თუ ვინმე შემთხვევით სადენს წამოედებოდა სამზარეულოში.
პირველი უსადენო დისტანციური მართვის პულტი 1955 წელს დამზადდა. გამოგონება დაფუძნებული იყო ფოტოელემენტების გამოყენებით ტელევიზორის ამუშავების იდეაზე. ოთხი გადამწოდი ჩამონტაჟდა ტელევიზორის კუთხეებში, ხოლო თვითონ პულტი, სახელად Flash-Matic-ი, ფარანს ჰგავდა. მისი ხარვეზები აშკარა იყო მზიან დღეებში, როცა დღის შუქის მიხედვით იცვლებოდა არხი და ხმის სიმაღლე. არც რადიოტალღებით მართვა იყო საუკეთესო გამოსავალი, რადგან გარკვეული სიძლიერის სიგნალს არხის გადართვა მეზობლის ბინაშიც შეეძლო.
პირველი იდეა, რომელსაც, როგორც ჩანს, არ ჰქონდა ზემოაღნიშნული ხარვეზები, კომპანიის ინჟინრის რობერტ ადლერის სახელთანაა დაკავშირებული. ამ ვარიანტს ეწოდებოდა Space Commander 400. იგი იყენებდა ზებგერით ტალღებს, რომელიც არ ესმოდათ ადამიანებს და შეეძლო არხების გადართვა, ხმის სიმაღლის შეცვლა, ასევე ჩართვა და გამორთვა. დიზაინის თვალსაზრისით, Space Commander-ი სინამდვილეში პატარა პიანინო იყო. ალუმინის ღერები, რომლებითაც ხორციელდებოდა მართვა, მინიატურული ჩაქუჩების მეშვეობით მექანიკურად ახდენდა ბგერების აღწარმოებას. ეს იდეა ახლაც კი შთამბეჭდავია, როცა გაიაზრებ, რომ არხის გადასართავად აღარ იყო საჭირო არც ბატარეები და არც პულტის დაჭერა ტელევიზორის მიმართულებით. "ზენიტმა” გამოგონება 1956 წელს დააპატენტა და ახალი პროდუქტი ბაზარზე გაიტანა. ტელევიზორები ამ პულტთან ერთად 30 %-ით მეტი ღირდა, მაგრამ ამას არ შეუშინებია მომხმარებლები. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა სოციალური მოვლენა, რომელსაც couch potato-ს ("ზარმაცი, უმოძრაო”) უწოდებენ.
XX საუკუნის 80-იან წლებამდე, როცა გაჩნდა პირველი პულტები, რომლებშიც გამოიყენებოდა ინფრაწითელი ტექნოლოგია, "ზენიტმა” და სხვა კომპანიებმა გაყიდეს 9 მილიონზე მეტი ტელევიზორი ადლერის გამოგონების გამოყენებით.
წყარო: ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი
0 comments:
Post a Comment